მსახიობი ნინო მუმლაძე ახლახან 40 წლის გახდა.
ამ ასაკს, რომელიც წლების წინ სოლიდური ეგონა, ახალი ცხოვრებით – მეუღლესა და 2 თვის შვილთან – რონისთან ერთად შეხვდა…
– რონი ისეთი საყვარელია, ლოდინად ნამდვილად ღირდა. გარდა იმისა, რომ ის ჩემთვის პირველი შვილია, ასევე, ჩვენი ოჯახისთვის პირველი შვილიშვილია. ჩემი დის ბავშვობის მერე, ოჯახში პატარა არ გვყოლია, ჩემი და კი 35 წლისაა (იცინის)… ბებიები სიხარულით ჭკუაზე არ არიან. პატარას ყველანი თავს დავტრიალებთ… ვერ ვიჯერებ, რომ 40 წლის გავხდი, რადგან მეგონა, ეს ასაკი აბსოლუტურად სხვა განცდას უკავშირდებოდა. თავს მაქსიმუმ, 35 წლამდე აღვიქვამ. უბრალოდ, “40” ისეთი რიცხვია, რომ ალბათ, ყველას სოლიდური ასაკი გვეგონა, მაგრამ ჩემი შეგრძნებები აბსოლუტურად სხვანაირია. მით უმეტეს, ჩემს ცხოვრებაში ახლა ისეთი ეტაპი დგას, რომ რეალურად, ახალი ცხოვრება დავიწყე: ახალი ემოციებით, განცდებით, გამოცდილებით, გამოწვევებით, ნერვიულობის თემებით, სიხარულით… თუკი 20 წლის წინ მეგონა, რომ 40 წლისა უკვე დაღვინებული ქალბატონი ვიქნებოდი ზრდასრული შვილებით, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, ისეთივე თავქარიანი ვარ, როგორიც 20 წლის გახლდით.
– პირველი ზაფხულია, რომელსაც შვილთან ერთად ატარებ. სადმე დაისვენე?
– ძალიან პატარაა იმისთვის, რომ დასასვენებლად სადმე წავიდე – 2 თვის ახლახან გახდა. ამიტომ ასეთ პაწაწინას დიდ გზაზე ვერ ვამგზავრებ. თბილისში ვართ. მხოლოდ 3 დღით მოვახერხეთ, ბორჯომში წავსულიყავით. მან რამდენად დაისვენა, არ ვიცი, პირადად მე კი – უფრო დავიღალე. იმედია, მოეწონა და ბორჯომში ტყუილად არ წავიყვანე (იცინის). რა თქმა უნდა, მაინც გავერთე, რადგან მეუღლესთან, მულთან და მულის ოჯახთან ერთად ვიყავი. კარგი დრო გავატარეთ. უბრალოდ, ბავშვთან ერთად მყოფს გამოძინების საშუალება არ მომეცა.
– ვინ გეხმარება ბავშვზე ზრუნვაში?
– ამ ეტაპზე, დედასა და დეიდასთან ერთად ვცხოვრობ. ბავშვის მამა მისვლა-მოსვლის რეჟიმშია. მის სახლში საცხოვრებლად ჯერ კიდევ არ გადავსულვარ. მშობიარობის მერე, აქ შემოვრჩი. პრინციპში, ვერ ვიტყვი, რომ გადასვლას ვჩქარობ, რადგან აქ ძალიან მეხმარებიან. რა თქმა უნდა, დამხმარე იქაც მეყოლება – გუგას (მეუღლის) დედა დამეხმარება, მაგრამ აქ ორნი არიან – დედა და დეიდა. ფაქტობრივად, ჩემი შვილი სულ მათ უჭირავთ ხელში, ისინი ზრდიან. ოჯახის საქმესაც არ მაკეთებინებენ. ისეთი კომფორტი შემიქმნეს. მაქსიმალურად ცდილობენ, დავისვენო, დავიძინო და ადამიანს დავემსგავსო.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ კითხვა ზედმეტია, არა?
– არანაირი დეპრესია არ მქონია, რადგან “ჩემებმა” მართლა შემიწყეს ხელი, მაგრამ გარკვეული ემოციური ფონი იყო, როცა ვიმშობიარე და ასევე, მშობიარობის წინაც. ეს უფრო ჰორმონალური ამბავია, რა… ძალიან გულჩვილი ვიყავი, მარტივად მეტირებოდა, ნერვებიც მარტივად მეშლებოდა, ყველაფერს განვიცდიდი… თან, ჭირვეული ბავშვი დაიბადა. ახლა “დალაგდა”, მაგრამ მანამდე სულ ტიროდა. ამას ისე განვიცდიდი, რომ მერე მეც ვტიროდი. ახლა უკვე ემოციურმა ფონმაც დამიწია, ბასასოც გაიზარდა და დაჭკვიანდა – ისე ძალიან აღარ ჭირვეულობს.
– მიუხედავად იმისა, რომ დედობისთვის ემზადებოდი, რაც დედა გახდი, შექმნილ რეალობაში შენთვის მოულოდნელი იყო რამე?
– რა თქმა უნდა. ერთია, როცა რაღაცას ვარაუდობ. შეიძლება თეორიულად ყველაფერი იცოდე, მაგრამ პრაქტიკაში რეალობა აბსოლუტურად სხვანაირია. ბავშვის დაბადებიდან პირველი პერიოდი ბევრად უფრო რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. არ ვიცი, ყველა ბავშვი ასეთია თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან ჭირვეულობდა. რომ ამბობენ ხოლმე, ბავშვის გაჩენის მერე, ძილს დაემშვიდობეო, პირდაპირი მნიშვნელობით ასე ყოფილა. გაუჩერებლად ტიროდა. 2 თვისკენ ცოტათი ისწავლა ძილი, მაგრამ თავდაპირველად, სახლში გადაბმულად არავის გვეძინა.
– პატარას სახელი – რონი როგორ შეურჩიეთ?
– დიდხანს ვფიქრობდით, რა დაგვერქმია. ბევრ ვერსიას განვიხილავდით. ბოლოს იმ აზრზე ჩამოვყალიბდით, რომ რაღაც უცხო სახელი დაგვერქმია. გვინდოდა, ბანალური არ ყოფილიყო. ერთმანეთს ყველა ვერსიას ვუწუნებდით. უცებ, გუგამ “რონი” რომ თქვა, მეც კარგად მომხვდა ყურში. თან, გვართან ერთად მომეწონა – რონი გოგინაშვილი კარგად ჟღერს. მერე მომეჩვენა, რომ მამაკაცური ჟღერადობის სახელია. თან, მარტივია, მოკლეა… ისიც ვიფიქრე, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ყველა ენაზე მარტივად წარმოსათქმელია. მოკლედ, ყველა მხრივ მომეწონა – წუნი ვერ ვუპოვე. სამშობიაროში რომ მივდიოდი, იმ დღეს მანქანაში ჯერ კიდევ ვფიქრობდი – ნამდვილად ეს სახელი დამერქმია თუ არა. სამშობიაროში შესულებს ფურცელი რომ დაგვიდეს, სადაც ჩვენი მონაცემები უნდა შეგვევსო, ბავშვის სახელთან დაკავშირებით ქმარს კიდევ ავხედე – “რონი” ჩავწერო-მეთქი? – კი, იყოს რონიო, – მითხრა და ჩავწერე.
– შენი დღის რეჟიმი როგორია?
– რეჟიმი არ გაგვაჩნია. თან, ბავშვი ძუძუთი კვებაზეა. მის წამოკნავლებებზე ვარ დამოკიდებული. ვცხოვრობთ სპონტანურად, ურეჟიმოდ, ჭამიდან პამპერსის გამოცვლამდე (იცინის). გასეირნებას რაც შეეხება, სიმართლე გითხრა, ვზარმაცობ და უბრალოდ, აივანზე გამყავს. ქვემოთ ეტლის ჩატანა მეზარება… მშობიარობის მერე, წონაში დასაკლები ვარ. დაბადების დღეზე, ხათრით თავი ერთხელ მოვიწესრიგე. ახლა ისე არ ვარ, როგორც ადრე, როცა დილიდან საკუთარ თავზე ზრუნვას ვიწყებდი. ახლა ამის თავი სად მაქვს (იცინის)?! გარეთ გასვლა ჩემთვის სერიოზული პრობლემაა. ამიტომ უბრალოდ, ბავშვი აივანზე გამყავს ხოლმე და დროს იქ ვატარებთ.
დაბადების დღე როგორ აღნიშნე?
– საერთოდ არ აღმინიშნავს. წინადღეს მე და ჩემი მეუღლე უბრალოდ, გავედით, გავისეირნეთ, რაღაცები მივირთვით, დრო სასიამოვნოდ გავატარეთ… თან, რამდენიმე საათით ბავშვი უჩემოდ პირველად დავუტოვე ბებიამისს. უშუალოდ, დაბადების დღეზე, თავდაპირველად მეგობრების მოყვანას და მწვადის შეწვას ვაპირებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა მოსვლას ვერ ახერხებდა: ზოგი ქალაქში არ იყო, ზოგს – არ ეცალა, ზოგს – ვირუსი ჰქონდა… ამიტომ გადავიფიქრე. შემდეგ მეუღლემ მითხრა, – მოდი, მე და შენ სადმე გავიდეთო. დამეზარა, – ასე გუშინაც ვიყავით გასულები-მეთქი… ბოლოს მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის ის უნდა მეჩუქებინა, რაც ყველაზე მეტად მინდოდა და მენატრებოდა. ამიტომ დავწექი და დავიძინე (იცინის). თან, ხომ ამბობენ, – 40 წლის აღნიშვნა არ შეიძლებაო? გვიან საღამოს ტორტი მოვიტანეთ – მე, დედაჩემმა და დეიდაჩემმა მივირთვით. ტორტზე სანთელიც არ ჩამიქრია. არც კი ითვლება, რომ დაბადების დღე აღვნიშნეთ.
– დაოჯახებამდე საზოგადოებისგან ზეწოლას არ გრძნობდი შეკითხვით – რატომ არ ოჯახდებიო?
– ალბათ, ასეთი კითხვები დაახლოებით 25 წლიდან დაიწყო. 35 წელსაც რომ გადავცილდი, შემეშვნენ. ეტყობა იფიქრეს – “დარჩაო”. ყველამ ხელი რომ ჩაიქნია, მერე გავთხოვდი. თურმე, ადამიანს უნდა შეეშვა და თავად გადადგამს ამ ნაბიჯს.
– შენს გონებაში რა ხდებოდა, როცა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გეკითხებოდნენ?
– როგორც ყველას უნდა, რომ გამხდარი, ლამაზი იყოს, ასევე სურთ პირადი ბედნიერება. თუკი ადამიანს ეს ბედნიერება არ აქვს ან ოჯახი არ ჰყავს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩუმად განიცდის? ზედმეტი კითხვის დასმით რის მიღწევას ცდილობენ? ამით ადამიანს მხოლოდ გულს სტკენენ და “ხაზს უსვამენ” იმ სიტუაციას, რომ ადამიანს რაღაც უნდა, მაგრამ არ აქვს. ეს იგივეა, რაც მაგალითად, წონის კორექციაზე ლაპარაკი – წონაში რომ მოიმატე, მოდი, კარგ დიეტას გასწავლიო… თუნდაც, წარმოვიდგინოთ, ვიღაცას გრძელი ცხვირი რომ ჰქონდეს, თავად არ მოსწონდეს და რამდენჯერაც შემხვდება, ვუთხრა, – ვაიმე, რა გრძელი ცხვირი გაქვს, ოპერაციას რატომ არ იკეთებ-მეთქი, ესიამოვნება?.. საერთოდ, რაღაც ნაკლი ყველა ადამიანს აქვს. ვისაც უტაქტო შეკითხვების დასმა უყვარს, წარმოიდგინოს, რომ ყოველი შეხვედრისას თავიანთ ნაკლზე ელაპარაკებიან…
– რას ურჩევ ქალებს, ვინც ჯერ არ დაოჯახებულა?
გვიან არასდროსაა. სიყვარულს ასაკი მართლა არ აქვს. 40 კი არა, ხალხი მეორე ნახევარს 60 წლის ასაკში პოულობს. არ მიმაჩნია, რომ ჩემი სიყვარული უკიდურეს ასაკში ვიპოვე – ეს შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. მთავარია, არ იფიქრო, რომ ასაკი რაღაცას წყვეტს. პირადი ცხოვრების აწყობის უნიკალური რეცეპტი რომ ვიცოდე, აქამდეც რაღაცას მოვახერხებდი. ალბათ, ბედისწერის ამბავია: რაღაც არსებობს, რაც ჩვენი ცხოვრების წიგნში წერია და ყველას თავისი ბედი, თავისი ცხოვრება აქვს. უბრალოდ, არსებობს სიტუაციები, როცა შენს ცხოვრებაში მოდის ადამიანი, ვინც იმ დროს გჭირდება. ზოგჯერ წლები გადის და მერე ფიქრობ: უიმე, ის რა კარგი ბიჭი იყო, რატომ არ მივაქციე ყურადღებაო? რა მნიშვნელობა აქვს, კარგი იყო თუ ცუდი? ალბათ, სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყავი, თუმცა თავად ასე არ გგონია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ღმერთმა ზუსტად იცის, შენს ცხოვრებაში ვინ უნდა გამოუშვას, რომ ესა თუ ის შედეგი დაგიდგეს. უბრალოდ, მთავარია მიხვდე, რომ შენს ცხოვრებაში მართალა მნიშვნელოვანი ადამიანი შემოვიდა და ძალით არ გააფუჭო სიტუაცია – დააფასო, რასაც ღმერთი გაძლევს…
ეთო ყორღანაშვილი