პედაგოგის რჩევები: როგორ გავაღვივოთ მოზარდში სწავლის სურვილი და როგორ მოვექცეთ ე.წ. რთულ ბავშვებს
ნათქვამია, რომ საუკეთესო მასწავლებლები გულიდან ასწავლიან და არა – წიგნებიდან. სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული, რამდენად ლაღი და ლამაზი იქნება ადამიანის ცხოვრების განუმეორებელი ხანა – ბავშვობა.
როგორ უნდა მოვექცეთ პატარებს, რომ მათ უზრუნველი ბავშვობა ჰქონდეთ? – ამ თემაზე გვესაუბრება პედაგოგი მირანდა კიკალიშვილი, რომელიც თავის აღსაზრდელებს თანამედროვე, კრეატიული მეთოდებით ასწავლის:
– 12 წელია, რაც მასწავლებელი ვარ და ამ 12 წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. საწყის ეტაპზე, ცხადია, შეცდომებიც მქონდა, რასაც ახლა გამოუცდელობას ვაბრალებ. ერთი ამბავი უნდა გიამბოთ: მასწავლებლობა ახალი დაწყებული მქონდა, მე-7 კლასს ვასწავლიდი, სადაც ერთი უცნაური მოსწავლე მყავდა: ის, თავისთვის, ჩუმად იჯდა და არაფერს აკეთებდა. რასაკვირველია, მას სხვა მასწავლებლებიც ხშირად საყვედურობდნენ, მეც, სხვა, უფრო ბეჯით და აქტიურ მოსწავლეებს ვაქცევდი მეტ ყურადღებას… გავიდა ერთი წელი და ერთ დღეს, სკოლაში რომ შევედი, ჰოლში საოცრად ლამაზი ხატები დავინახე, რომელიც ძალიან მომეწონა. პირჯვარი გადავიწერე, ამ ხატებს ვემთხვიე და ვიკითხე, რატომ იყო ეს ხატები აქ. აღმოჩნდა, რომ ეს ხატები დაწერილი იყო იმ მოსწავლის მიერ, რომელსაც ყველა პედაგოგი საყვედურობდა, მათ შორის, მეც. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შემრცხვა მაშინ საკუთარი თავის და იმის გამო, რომ მეც ისეთივე დამოკიდებულება მქონდა ამ “ზარმაცი” მოსწავლის მიმართ, როგორც სხვა მასწავლებლებს. მაშინ გავაანალიზე, რომ არ შეიძლება მოსწავლე მხოლოდ ქულების და ნიშნების მიხედვით შეაფასო… ამ ფაქტის შემდეგ, ჩემი მიდგომა მოსწავლეების მიმართ ძირეულად შეიცვალა. მაშინ მივხვდი, რომ თითოეული მოსწავლე თანაბრად უნდა შევიყვაროთ – ის, ვინც თავს არ ზოგავს ჩვენი საგნის შესასწავლად და ისიც, ვინც ვერ სწავლობს, მაგრამ შეიძლება სულ სხვა რამის ნიჭი ჰქონდეს. მასწავლებელს ყველა მოსწავლე თანაბრად უნდა უყვარდეს – ეს აუცილებელი პირობაა, რომ პედაგოგი გერქვას.
– მსგავსი შემთხვევა კიდევ ყოფილა?
– რა თქმა უნდა, რამდენიმე ასეთი შემთხვევა მქონდა: ერთხელ, ჩემმა თანამშრომელმა თავისი შვილი მომიყვანა და მითხრა, რომ ის “არაფრის გამკეთებელი” იყო, რომ ზარმაცობდა და არაფერს სწავლობდა. მე ინგლისურ ენას ვასწავლი, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ამ ბავშვს ესწავლა, გავიდა ხანი, ისიც გათამამდა და მივხვდი, რომ ჩემი მცდელობა უშედეგო არ აღმოჩნდა. 2 წელია, რაც ამ ბავშვთან ვმუშაობ და იმდენად გამოცოცხლდა, იმდენად კარგად მისრულებს ყველაფერს, რომ გაოცებული ვარ. ახლა უკვე საერთაშორისო გამოცდებისთვის ვემზადებით. ამის მსგავსი სხვა შემთხვევებიც მქონია: აღმომიჩენია, რომ ერთ დროს “არაფრის მაქნისი ბავშვი” ძალიან ნიჭიერია და ყველაფერს იდეალურად აკეთებს.
ქალბატონო მირანდა, რამდენად რთულია ე.წ. რთულ, ჰიპერაქტიურ ბავშვებთან მუშაობა?
– ამ შემთხვევაში, გამიჯვნა აუცილებელია: არიან ჯანმრთელი ბავშვები, რომლებიც უბრალოდ, ცელქები არიან, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც ჯანმრთელობის დარღვევა აქვთ და სპეციალური მასწავლებელი სჭირდებათ. მე მქონია შეხება აუტიზმის, ან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან და წარმატებისთვისაც მიმიღწევია, თუმცა თავს ვერ გამოვიდებ, რომ ასეთ ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ამიტომ, “რთულ” ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას გაგიზიარებთ. ერთ წელიწადს, ძალიან რთული კლასი მყავდა, სადაც 20 ბავშვიდან ათი ჰიპერაქტიური იყო. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს პედაგოგი? – მას, გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა სჭირდება. ასეთ ბავშვებთან სწავლების ძველი, კომუნისტური მეთოდები არ ჭრის: “დაჯექი! არ გაინძრე! გაჩუმდი და ხმა არ მოიღო…” – მსგავსი მიდგომები არ გამოგვადგება.
ამ კლასშიც, წინასწარ მქონდა დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობა: ადგილზე ვხტუნავდით, ცურვას, ჭამას, დალევას – ყველაფერს მოძრაობით გამოვხატავდით, ლექსებსაც სხეულის ენის დახმარებით ვსწავლობდით. თუ რაღაც გამოსაძერწი, ან გასაფერადებელი გვქონდა, ყველაფერს სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ვაკეთებდით. ამ ყველაფერმა სასურველი შედეგი მოიტანა – ბავშვები ყველაფერში მომყვებოდნენ და კარგადაც სწავლობდნენ. ახლა უკვე ვიცი: როდესაც კლასში ე.წ. ცელქი ბავშვები ჭარბობენ, მრავალფეროვანი აქტივობის დაგეგმვა აუცილებელია.
– ანალოგიური შედეგის მიღწევა მაღალ კლასებში უფრო რთული არ არის?
– მნიშვნელობა არა აქვს, მაღალი კლასია თუ დაწყებითი, ყველას ვაგრძნობინებ და ვეუბნები, რომ მეც მათი მეგობარი და თანასწორი ვარ. თავზეც კი არ დავყურებ, წრეში მათთან ერთად ვჯდები და ვაგრძნობინებ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. ერთად განვიხილავთ თუ როგორია გაკვეთილის დროს სწორი მოქცევა. ყველას სათითაოდ ვუსმენ და რომელიმე თუ ცელქობს, ვეუბნები: ხომ ხედავ, მე როგორ მოგისმინე, ახლა შენგანაც იმავეს მოვითხოვ-მეთქი. ხმას არ ვუწევ და ბავშვებსაც ვთხოვ, რომ ასეთივე ტემბრით ილაპარაკონ, რომ მათი ხმა სხვებისთვის შემაწუხებელი არ იყოს. 1-2 გაკვეთილი შეიძლება ქცევის წესებს დავუთმო და მერე ყოველ გაკვეთილზე ვახსენებ თუ რაზე ვართ შეთანხმებული. მოსმენის უნარ-ჩვევის გამომუშავება სწავლის პროცესში მთავარი ამოცანაა. ზოგჯერ ვახსენებ: მე თუ ინგლისურის სწავლაში გეხმარებით, თქვენ კარგი გაკვეთილის ჩატარებაში უნდა დამეხმაროთ-მეთქი. თითოეულმა მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ გუნდის წევრია და მასზეა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი. მოზარდი, რაც უნდა ცელქი და მოუსვენარი იყოს, მასწავლებლის მიმართ პატივისცემით რომ განეწყობა, დროთა განმავლობაში, მის მოსმენას და დაჯერებას სწავლობს. მოზარდის ენერგია მასწავლებელმა სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს, თორემ სრული უმოქმედობა და სიჩუმე მერე აგრესიაში გადადის. ეს რომ არ მოხდეს, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო.
თუმცა, მასწავლებელს თანდაყოლილი ნიჭიც უნდა ჰქონდეს – ამის გარეშე არაფერი გამოუვა.
– გეთანხმებით, მასწავლებელს შემოქმედებითი ნიჭი, უნარი და კრეატიულობაც სჭირდება. მე ღამეები მითენებია, რომ კლასში მეტი აქტივობა დამეგეგმა, მეტი თამაში მეპოვა, რომ გაკვეთილი საინტერესოდ წარმართულიყო… ამისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის მაგალითს: თუ ის აგრესიულია და ჩხუბობს, ბავშვიც აუცილებლად აგრესიული ხდება. როცა პედაგოგი ხმამაღლა ლაპარაკობს, მის კლასში უფრო მეტი ხმაური და უწესრიგობაა. ამის საპირისპიროდ, თუ პედაგოგი სიმშვიდეს ინარჩუნებს და თავის მოსწავლეებს პატივს სცემს, მათგანაც ასეთივე პასუხს იღებს. უფრო მეტიც, მასწავლებელს ბოდიშის მოხდაც უნდა შეეძლოს და არ არსებობს ასეთმა მიდგომამ შედეგი არ გამოიღოს. მე დავუშვი შეცდომა? – ამ შეცდომას ისევ მე ვაღიარებ. თუ საჭიროა, ბოდიშსაც მოვუხდი და ვეტყვი, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და შეიძლება შეცდომა მასწავლებელმაც დაუშვას. რაც მთავარია, მოსწავლეებმა თავი ინდივიდებად უნდა იგრძნონ. ამიტომ, მოსწავლის შეურაცხყოფა და უხეში მოპყრობა დაუშვებელია. მე ხუთი შვილის დედა ვარ, შეიძლება ბევრ რამეში შეცდომა დამიშვია, მაგრამ ჩემი შვილებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. “სულელო, დებილო, შტერო” – ამგვარი მიმართვა არც მშობელს შეჰფერის და არც მასწავლებელს! თუ მოსწავლეს ამას ვეტყვი, ესე იგი, მის ფსიქიკას ვანგრევ და ვაზიანებ.
– სამწუხაროდ, ზოგიერთი პედაგოგი ასეთი სიტყვებით ბავშვებს დღესაც მიმართავს…
– ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ბავშვის მხრიდან აგრესიული რეაქცია მოჰყვება ხოლმე, თუმცა, არის მეორე შემთხვევაც: შესაძლოა, მან იმ წუთებში ვერაფერი თქვას, შესაძლოა, ჯავრი გულში ჩაიკლას და ჩუმად ინერვიულოს, მაგრამ ასეთი ბავშვი მომავალში აგრესიას სხვების მიმართ გამოავლენს, ან მისი თვითშეფასების დონე საგრძნობლად დაეცემა. ყველას გაგვიგია ქართული ანდაზა: ხეს რომ უმეორო – გახმი, გახმი, მართლა გახმებაო… ეს სრული სიმართლეა, ამიტომ ბავშვებთან ჩვენი თითოეული სიტყვა უნდა ვაკონტროლოთ და მოსწავლეს მოტივაცია არ უნდა ჩავუკლათ. მკვლელს, ქურდს და ყაჩაღსაც კი აქვს დადებითი თვისებები, მაგრამ მათ მიმართაც, ერთ დროს დიდი შეცდომებია დაშვებული, როგორც მშობლების, ასევე – მასწავლებლების მიერ. ბევრი ბავშვი ბულინგის და ძალადობის მსხვერპლია, ზოგს ოჯახში აქვს მძიმე სიტუაცია და ასეთ ბავშვებს პედაგოგებმა მაინც უნდა შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, რომელიც ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად აისახება. ზოგჯერ ბავშვი ამბობს: სკოლაში წასვლა არ მინდა, ან იმ მასწავლებლის გაკვეთილზე შესვლა არ მინდაო, რატომ? – ასეთი რამ მშობელს არ უნდა გამოეპაროს. ჩემს აღსაზრდელებთან ხშირად შემაქვს ფილმები ჩაგვრაზე, ბულინგზე, ზოგჯერ აღიარებით გაკვეთილებსაც ვუტარებ – ამ გაკვეთილებზე ერთად ჰყვებიან, რა დაუშავებიათ კლასელების, ან მეგობრების წინაშე. ამ გაკვეთილებზე თავად აღიარეს, რომ სხვისი დაცინვა და ბულინგი ძალიან ცუდი საქციელია.
– ქალბატონო მირანდა, არაერთი მასწავლებელი ამტკიცებს, რომ ძალიან ცელქი, ჰიპერაქტიური ბავშვები ხშირად, წარმატებული ადამიანები ხდებიან. თქვენც ასე ფიქრობთ?
– დიახ, არიან ბავშვები, რომლებიც სკოლაში ძალიან კარგად სწავლობენ, მაგრამ მერე ვერ ვითარდებიან, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც სკოლაში არ ჩანან, მაგრამ მერე სწავლობენ, ვითარდებიან და წინ მიდიან.
მეც ვიცნობ ასეთებს: ისინი სკოლაში არაფრით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დღეს წარმატებული მეცნიერები, ექიმები, მხატვრები არიან. ზოგიერთი ბავშვი სტანდარტულ საგნებს ვერ სწავლობს, მაგრამ შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული.
ნებისმიერ მოზარდს აქვს ნიჭი, რომელსაც აღმოჩენა და განვითარება უნდა. პედაგოგებმა იმდენი უნდა მოვახერხოთ, რომ მათში ესა თუ ის ნიჭი აღმოვაჩინოთ და გავაღვივოთ. ბავშვი პიროვნებაა და მისი შეფასება რომელიმე საგანში მიღებული ქულების თუ ნიშნების მიხედვით, ძალიან ზედაპირული შეფასებაა.
ხათუნა ჩიგოგიძე